www.fgks.org   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

დომინიკელთა ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დომინიკელები (მრავალმნიშვნელოვანი).

დომინიკელთა ორდენი, დომინიკელები (ლათ. Ordo Praedicatorum – „მქადაგებელნი“) — კათოლიკური მონაზვნური ორდენი. დააარსა ესპანელმა მონაზონმა დომინიკუსმა (დომინიკ დე გუსმანი) „მწვალებლებთან“ საბრძოლველად 1215 წელს ქალაქ ტულუზაში (საფრანგეთი). 1216 წელს ორდენი დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს III-მ. ორდენი ცნობილია წარსულში დიდი გავლენით კათოლიკურ სამყაროში და მდიდარი მწიგნობრული ტრადიციით.

1227 წლდან დომინიკელებმა მიიღეს საყოველთაო ქადაგებისა და აღსარების უფლება. 1232 წელს პაპმა გრიგოლ IX-მ მათ გადასცა ინკვიზიციის ვალდებულება. დომინიკელები გახდნენ პაპების მთავარი დასაყრდენი საერო და სასულიერო მეტოქეებთან ბრძოლაში. დომინიკელებმა აღზრდისა და განათლების საქმე კათოლიკური ეკლესიის კონტროლს დაუქვემდებარეს.

დომინიკელთა შორის იყვნენ ცნობილი მოღვაწეები: ალბერტ დიდი, თომა აკვინელი, ოთხი პაპი და სხვ. XVI საუკუნიდან, იეზუიტების ორდენის დაარსების შემდეგ, დომინიკელებმა თანდათანობით დაკარგეს ადრინდელი გავლენა. XX საუკუნის II ნახევარში ორდენში შედიოდა 9 ათასზე მეტი მონაზონი კაცი და დაახლოებით 6 ათასი მონაზონი ქალი.

დომინიკელები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დომინიკელები იყვნენ პირველი კათოლიკე მისიონერები საქართველოშიც. XIII საუკუნის I ნახევარში რუსუდან მეფემ პაპ გრიგოლ IX-ს დახმარება სთხოვა მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც მოჰყვა დომინიკელთა შემოსვლა საქართველოში. მათ თბილისში დააარსეს თავიანთი მონასტერი. 1329 წელს საქართველოში პირველი კათოლიკური საეპისკოპოსოს სათავეში დაინიშნა საქართველოში დიდხანს ნამყოფი და ქართული ენის მცოდნე დომინიკელი ბერი იოანე ფლორენციელი. საეპისკოპოსო სპარსეთში შექმნილ ე. წ. „სულთანიეს საარქიეპისკოპოსოს“ ემორჩილებოდა.

XVI საუკუნეში დასაწყისში ოსმალეთის მიერ შავი ზღვის სრუტეების ჩაკეტვის გამო, თბილისის კათოლ. საეპისკოპოსო გაუქმდა. დომინიკელები და ფრანცისკელები საქართველოში შემოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თევზაძე, ზ., დიაკონი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 479.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]