www.fgks.org   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

მარქსიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ მარქსი

მარქსიზმი — კარლ მარქსის მიერ დაარსებული ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულება.

მარქსიზმი სათავეს იღებს კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიური და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის შრომებიდან, რომელთა მთავარი თემაა კაპიტალიზმის კრიტიკა. ეს კრიტიკა სისტემატური სახით მოცემულია მარქსის ცნობლ ნაშრომში კაპიტალი.

როგორც ფილოსოფიური მიმართულება მარქსიზმი ეფუძნება მატერიალისტურ გაგებას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ცხოვრების ფორმას − საზოგადოებრივ ფორმაციას, ეკონომიკა განსაზღვრავს. ეს თეორია აგებულია მთავარ დებულებაზე კლასობრივი ბრძოლის შესახებ და გულისხმობს საზოგადოებრივი ფორმაციების ძირითადად ძალადობრივი, რევოლუციური გზით ცვლილებას. ამასთანავე, კლასობრივ ბრძოლას მარქსიზმში კანონის ძალა ენიჭება. მაგალითად „კლასობრივი ბრძოლის კანონით“ წინასწარ განსაზღვრულია, რომ კაპიტალიზმის პირობებში ჩაგრული კლასი − პროლეტარიატი, ახსდგება მჩაგვრელი, „ექსპლოატატორი“ კლასის − ბურჟუაზიის წინააღმდეგ, მოვა ხელისუფლების სათავეში და დაამყარებს „პროლეტარიატის დიქტატურას“. ეს იქნება პირველი ნაბიჯი საბოლოო მიზნის − უკლასო, კომუნისტური წყობილების დამყარების მიღწევის გზაზე.

მარქსიზმი საფუძვლად დაედო ორ პრინციპულად განსხვავებულ იდეოლოგიას, პოლიტიკურ მიმდინარეობასა და სახელმწიფოებრივ წყობას. ერათი მხრივ, მარქსიზმს ეფუძნება თანამედროვე დასავლური სოციალ−დემოკრატია, რომელიც უარყოფს მარქსიზმის რევოლუციურ, ძალადობრივ დებულებებს, მაგრამ ამავე დროს, სახელმძღვანელო დებულებად ირჩევს „სოციალური სამართლიანობის“ მარქსისტულ პრინციპს. დღეს ევროპის წამყვან ქვეყნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიები სახელისუფლო პარტიებია. მათი პოლიტიკური მიზანი კი „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებაა. ამიტომ, გერმანულ სახელმწიფოს „სოციალურ სახელმწიფოს“, შვედეთის საზოგადოებრივ−პოლიტიკურ სისტემას კი „შვედურ სოციალიზმს“ უწოდებენ. მეორე მხრივ კი, ლენინისა და სტალინის მოძღვრებებით ტრანსფორმირებულ მარქსიზმს ეფუძნებოდა საბჭოთა რეჟიმი და მისი იდეოლოგია, ანუ ე.წ. „რეალურად არსებული სოციალიზმი“.

ფილოსოფია

დიალექტიკური მატერიალიზმი

მარქისისტული ფილოსოფიის საბაზო იდეაა მატერიალიზმი, რომლის მიხედვით მატერია არის პირველადი სუბსტანცია, ხოლო ცნობიერება — მეორადი. ცნობიერება მაღალგანვითარებული მატერიის ანუ ადამიანის ტვინის თვისებაა აღიქვას ობიექტური რეალობა, ამიტომაც არ არსებობს არავითარი ცნობიერება და არავითარი იდეები მატერიის გარეშე.

მეცხრამეტე საუკუნეში, ბუნებისმეტყველებაში მომხდარი აღმოჩენების საფუძველზე, კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა გამოთქვეს შეხედულება, რომ ბუნება (მატერია) მუდმივად ვითარდება და განვითარებას ბუნებაში დიალექტიკური ხასიათი აქვს; ბუნებაში მიმდინარე ყველა პროცესი კი ურთიერთკავშირშია და ურთიერთგანპირობებულია. დიალექტიკა მარქსმა და ენგელსმა აიღეს ჰეგელისგან, რომელმაც იგი ობიექტური იდეალიზმის მიმართულებით განავითარა. ენგელსი ჰეგელიანურ დიალექტიკაზე წერდა: „ჰეგელის დიალექტიკა გადავატრიალეთ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ფეხებზე დავაყენეთ, რადგან მანამდე იგი თავზე იდგა“.

ამგვარად, მატერიალიზმის და დიალექტიკის სინთეზით მარქსმა და ენგელსმა მიიღეს დიალექტიკური მატერიალიზმი. თვითონ ისინი ამ ტერმინს არ იყენებდნენ.

ისტორიის მატერიალისტური გაგება

მარქსმა და ენგელსმა ფილოსოფიური მატერიალიზმის ძირითადი პრინციპი გაავრცელეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მიუთითეს, რომ ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით, განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათ ცნობიერებას; როგორიცაა საზოგადოებრივი ყოფიერება, საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობები, ისეთივეა ადამიანთა ცნობიერება, მათი იდეები და თეორიები; ჯერ იცვლება მატერიალური მხარე, საზოგადოებრივი ყოფიერება, ხოლო შემდეგ, მის შესაბამისად, ადამიანთა შეხედულებები და თეორიები, საზოგადოებრივი ცნობიერება. მარქსამდელი ფილოსოფოსები, მათ შორის მატერიალისტები, იყვნენ იდეალისტები საზოგადოებრივი ცხოვრების გააზრებასთან მიმართებაში. ისინი ეფუძნებოდნენ იმ ფაქტს, რომ ბუნებისგან განსხვავებით, სადაც ბრმა ძალები მოქმედებენ, საზოგადოება იმართება გონიერი არსებების — ადამიანების მიერ, რომლებიც მოქმედებენ იდეური მოტივების შესაბამისად. მარქსი და ენგლესი დაუპირისპირდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ამგვარ გაგებას. მათი აზრით, არ შეიძლება საზოგადოების ცხოვრება ბუნებისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ, რადგან ადამიანი ბუნების ორგანული ნაწილია. გამოჩენილ ადამიანებს (ლიდერებს, ბელადებს, რევოლუციონერებს და სხვ.) უდავოდ დიდი წვლილი შეაქვთ ისტორიის განვითარებაში, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრება პირველ რიგში ემორჩილება ობიექტურ სოციალურ კანონებს, რომლებიც არაფრით განსხვავდება ბუნების ობიექტური კანონებისგან და არაა დამოკიდებული ცალკეული ადამიანების ნებაზე. ვლადიმირ ლენინი წერდა, რომ მატერიალიზმის გადმოტანა სოციოლოგიაში იყო გენიალური იდეა. ამან ფილოსოფოსებს საშუალება მისცა გამოეკვეთათ საზოგადოებრივი ცხოვრების მატერიალური საფუძველი, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს განსაზღვრავს.

მარქსმა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან გამოყო ეკონომიკური სფერო, ხოლო საზოგადოებრივი ურთიერთობებიდან — საწარმოო ურთიერთობები. მარქსის მტკიცებით, საზოგადოების ეკონომიკური ბაზისი იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ზედნაშენს განაპირობებს. ამრიგად, საზოგადოებრივი და ისტორიული განვითარება ეკონომიკური და კლასობრივი ფაქტორებით განისაზღვრება.

საზოგადოება ვითარდება ევოლუციურად (რაოდენობრივად, მუდმივად) ან რევოლუციურად (თვისებრივად, ნახტომისებურად). საწარმოო ძალების ევოლუციური განვითარების გარკვეულ საფეხურზე ისინი წინააღმდეგობაში მოდიან საწარმოო ურთიერთობებთან. ჩნდება თვისებრივი, ნახტომისებური ცვლილებების აუცლებლობა, რაც განპირობებულია ანტაგონისტური კლასების მისწრაფებით დაამყარონ თვისებრივად ახალი საწარმოო ურთიერთობები. დგება სოციალური რევოლუციის ეპოქა. ეკონომიკური ბაზისის ცვლილებასთან ერთად ძირფესვიანად იცვლება პოლიტიკური და სამართლებრივი ზედნაშენიც.

ისტორიული პროცესი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების კანონზომიერი ცვლილებაა. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია არის ისტორიული განვითარების მოცემულ საფეხურზე არსებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი საწარმოო ურთიერთობათა გარკვეული სისტემა. ეს ცვლილება გამოწვეულია საწარმოო ძალების განვითარებით. მარქსმა ვერ დაასრულა საზოგადოებრივი ფორმაციების კვლევა. შემდგომში, საბჭოთა კავშირში მოხდა მსოფლიო ისტორიის ფორმაციული პერიოდიზაცია. საბჭოელმა მარქსისტებმა გამოყვეს ხუთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია:

პირველყოფილი თემური წყობილების გახრწნის პროცესში შრომის დანაწილებისა და კერძო საკუთრების წარმოშობის შედეგად საზოგადოება დაიყო ანატაგონისტურ კლასებად. ლენინის მიხედვით, კლასები წარმოადგენს „ადამიანთა დიდ ჯგუფებს, რომლებსაც განსხვავებული ადგილი უკავიათ საზოგადოებრივი წარმოების გარკვეულ სისტემაში, განსხვავდებიან წარმოების საშუალებებთან დამოკიდებულებით, მათი როლით საზოგადოებრივი შრომის ორგანიზებაში, შესაბამისად საზოგადოებრივი სიმდიდრის რაოდენობით, რომელსაც იღებენ. კლასები ადამიანების ჯგუფებია, რომელთაგან ერთს შეუძლია მეორის შრომა მიითვისოს საზოგადოებრივ წარმოებაში დაკავებული ადგილის საფუძველზე“. თემური წყობილების შემდეგ ყველა ფორმაციაში არსებობდნენ ექპლუატატორი და ექპლუატირებული კლასები: მონები — მონათმფლობელები, ყმები — ფეოდალები , პროლეტარები — კაპიტალისტები. კლასებს შორის ინტერესთა სხვადასხვაობა ხდება სოციალური კონფლიქტის მიზეზი, რომელსაც მარქსმა კლასობრივი ბრძოლა უწოდა. მარქსის თქმით, ნებისმიერ დარგში მიმდინარე ბრძოლა ასე თუ ისე კლასობრივი ანტაგონიზმის გამოვლინება. კლასობრივ ბრძოლაში იგი აპოკალიფსურ ლოგიკას ხედავდა. მისი აზრით, კლასობრივი ბრძოლა სწორედ ის ანტაგონიზმია, რომელიც სოციალურ პროგრესს ამოძრავებს.

პოლიტიკური ეკონომიკა

საქონელი და ღირებულება, შრომითი ღირებულების თეორია, კონკრეტული და აბსტრაქტული შრომა

ფული

კაპიტალი და ზედმეტი ღირებულება

კაპიტალიზმი

მეცნიერული კომუნიზმი

კლასობრივი ბრძოლა

მარქსის და ენგელსის აზრით, საზოგადოებრივი პროგრესის მამოძრავებელი ძალაა კლასობრივი ბრძოლა – ანტაგონისტურად განწყობილი სოციალური კლასების დაპირისპირება საზოგადოებაში დომინირებისთვის და ძალაუფლებისთვის.

კაპიტალისტურ სისტემაში კლასობრივი ბრძოლა მიმდინარეობს ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის. ბურჟუაზია ცდილობს შეინარჩუნოს არსებული ფორმაცია, რაც მშრომელი მასების შეუზღუდავი ექსპლუატაციის საშუალებას იძლევა. პროლეტარატი ესწრაფვის არსებული წყობის მოშლას და უკლასო საზოგადოების შექმნას.

პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ძირითადი ფორმები: ეკონომიკური, პოლიტიკური და თეორიული ბრძოლა.

ეკონომიკური ბრძოლა — ბრძოლა მშრომელი მასების პროფესიული ინტერესებისთვის (ხელფასის გაზრდა, სამუშაო დღის შემცირება, შრომის პირობების გაუმჯობესება).

თეორიული ბრძოლა — ბრძოლა პროლეტარიატის გათავისუფლებისთვის თავსმოხვეული ბურჟუაზიული იდეოლოგიისგან. მისი მთავარი მიზანია მშრომელ მასებში სოციალისტური ხედვების გავრცელება, რის შედეგადაც მუშათა კლასის სტიქიური კლასობრივი ბრძოლა მიიღებს შეგნებულ ხასიათს.

პოლიტიკური ბრძოლა — კლასობრივი ბრძოლის უმაღლესი ფორმა. ამ დროს მუშათა კლასი ერთიანდება კაპიტალისტთა კლასის წინააღმდეგ ბრძოლაში. პოლიტიკური ბრძოლის მიზანია პროლეტარიატის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდება და თავისი მმართველობის (პროლეტარიატის დიქტატურის) დამყარებას.

ვლადიმირ ლენინმა ჩამოაყალიბა თეორია, რომლის მიხედვით „კლასების მოსპობა — ეს არის საქმე ხანგრძლივი, ძნელი, შეუპოვარი კლასობრივი ბრძოლისა, რომლეიც კაპიტალის ბატონობის დამხობის შემდეგ, ბურჟუაზიული სახელმწიფოს დანგრევის შემდეგ, პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების შემდეგ კი არ ჰქრება (როგორც ეს ძველი სოციალიზმის და ძველი სოციალ-დემოკრატიის უხამს ადამიანებს წარმოუდგენიათ), არამედ მხოლოდ ფორმას იცვლის, ბევრი მხრივ კიდევ უფრო მძვინვარე ხდება“. შემდგომში იოსებ სტალინმა განავრცო ლენინის ხედვები სოციალიზმის მშენებლობის პროცესში კლასობრივი ბრძოლის გამწვავების შესახებ. 1928 წლის 9 ივლისს საჯარო გამოსვლისას მან განაცხადა: „რაც უფრო წინ მივიწევთ, მით უფრო გაიზრდება კაპიტალისტური ელემენტების წინააღმდეგობა, კლასობრივი ბრძოლა გამწვავდება, ხოლო საბჭოთა ხელისუფლება, რომლის ძალაუფლება სულ უფრო გაიზრდება, გააგრძელებს ამ ელემენტების იზოლირებას, მუშათა კლასის მტრების დაშლის პოლიტიკას, ექსპლუატატორების ჩახშობას, რითაც შექმნის საფუძველს მუშათა კლასისა და გლეხობის ძირითადი მასების შემდგომი წინსვლისთვის“.


პროლეტარული რევოლუცია

პროლეტარიატის დიქტატურა

სოციალიზმი

კომუნიზმი

ლიტერატურა

  • Castro, Fidel; Ramonet, Ignacio (interviewer) (2009) My Life: A Spoken Autobiography. New York: Scribner. ISBN 978-1-4165-6233-7. 
  • Coltman, Leycester (2003). The Real Fidel Castro. New Haven and London: Yale University Press. ISBN 978-0-300-10760-9. 
  • Green, Sally (1981). Prehistorian: A Biography of V. Gordon Childe. Bradford-on-Avon, Wiltshire: Moonraker Press. ISBN 0-239-00206-7. 

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: